ახალი ამბები
"ჩერნომორენერგო": აფხაზეთში ელექტროენერგია მხოლოდ 4 საათით გაითიშება
კომპანია "ჩერნომორენერგოს" ინფორმაციით, 21 იანვრიდან აფხაზეთში მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება 6 საათის ნაცვლად, 4 საათით შეეზღუდება. კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს შესაძლებელი გახდა, მათ მიერ ელექტროენერგიის არალეგალური მოხმარების გამოსავლენად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად.  ინფორმაცია კომპანიის ფეისბუკ გვერდზეა გამოქვეყნებული.

ელექტროენერგიის მარაოსბერი გათიშვები აფხაზეთში 15 ნოემბერიდან დაიწყო. შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა გამოიწვია ელექტროენერგიის დეფიციტმა, რომლის მიზეზია კრიპტოვალუტის მომპოვებლების უკანონო საქმიანობა, განაცხადეს მაშინ "ჩერნომორენერგოში".

კომპანიის გენერალური დირექტორის მიხაილ ლოგუას განცადებით, აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად 5-9% -ით იზრდება და არსებული სიმძლავრე მიმდინარე მოთხოვნასაც ვერ აკმაყოფილებს და ელექტროენერგიის ქსელების ცვეთამ კრიტიკულ მდგომარეობას მიაღწია. მისივე თქმით, 2021 წლის დასაწყისში, ენგურჰესზე დაგეგმილი რეაბილიტაციის პერიოდში, აფხაზეთის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა რუსეთიდან მოხდება.

ინფორმაციისთვის, სოხუმმა 2018 წელს აკრძალულ მაინინგ - საქმიანობაზე ნებართვა ისევ გასცა, რადგან ვერ შეძლო აკრძალვის პრაქტიკაში განხორციელება.



Print