ახალი ამბები
ერთი ტომარა ფქვილის ფასი 53 ლარი იქნება - სოფლის მეურნეობის მინისტრი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის გაცხადებით, სახელმწიფო პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილს დაასუფსიდირებს. მისივე თქმით, მთავრობა ამისთვის, დაახლოებით, 10 მილიონ ლარს დახარჯავს.

„ფასი განვსაზღვრეთ ფიქსირებული 53 ლარით. წისქვილებისთვის არის პირობა, რომ ამ ფასზე მეტად არ გაყიდიან პირველი ხარისხის ფქვილს, რომელიც პურის ცხობაში გამოიყენება. 53 ლარი იქნება ფქვილის 50 კილოგრამიანი ტომრის ფასი. სახელმწიფო სუბსიდია იქნება ტომარაზე არაუმეტეს 10 ლარისა. წისქვილები სხვადასხვა ფასს შემოგვთავაზებენ, გარკვეული კონკურენციაც იქნება, რომ სახელმწიფოს ნაკლები თანხა დაუჯდეს და შედეგი იგივე მივიღოთ, რომ პურის ფასი არ გაიზარდოს. დაახლოებითი ბიუჯეტი შეფასებულია, რომ თვეში 2-2.5 მილიონი ლარია და დაახლოებით მთელი პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარია“,-აღნიშნა დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ინფორმაციისთვის, ამ დროისთვის ზუგდიდში, ისევე როგორც ქვეყნის სხვა ქალაქებში ერთი ტომარა (50კგ) პურის ფქვილის ფასი 65-70 ლარია. გასულ თვეში მისი ფასი 55 ლარამდე იყო.

Print