ახალი ამბები
ზუგდიდში არასრულწლოვნის გამოსახულებიანი პორნოგრაფიული მასალისთვის ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა 1977 წელს დაბადებული ე.რ. დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა, ფლობა და ასეთი ნაწარმოებით სარგებლობა. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

"გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოები, პირადი სარგებლობის მიზნით, წინასწარი შეცნობით შეიძინა, ფლობდა და ინახავდა.

პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონი, მეხსიერების ბარათები, ლაზერული დისკები, ფული და სიმბარათები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენას, შენახვას, ფლობას ან ასეთი ნაწარმოებით სარგებლობას", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Print