ახალი ამბები
ხობის სკოლაში საპროტესტო აქცია გაიმართა
ხობის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა ყოფილი დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება გააპროტესტეს. ისინი სამინისტროს იმ კრიტერიუმების გაცნობას ითხოვენ, რის საფუძველზეც კობა კვიკვინიას ხელშეკრულება არ გაუგრძელდა. მასწავლებლები ამბობენ, რომ კობა კვიკვინიას სამსახურეობრივი გადაცდენა არ ქონია.

"პირველ რიგში იქიდან დავიწყებ, რომ გვყავს არაჩვეულებრივი დირექტორი, მასწავლებლები აღშფოთებულები ვართ რატომ არ დანიშნეს ხელახლა, რატომ არ გაუგრძელეს უფლებამოსილების ვადა.  რაღაც კანონებით გველაპარაკებიან, რომელიც ჩვენ ისედაც კარგად ვიცით. ამბობენ, რომ  რაღაც საჩივარი დაიწერა სკოლიდან და ამიტომაც არიან პედაგოგები აღშფოთებულები, რადგან სკოლიდან მსგავსი წერილი არ წასულა. ასევე, მეორე ვერსიაც არის, რომ რაღაც რეკომენდაციაა წასული, მაგრამ ჩვენ არაფერი არ ვიცით", - ამბობს პედაგოგი სალომე ჯოლოხავა.

სამინისტროს გადაწყვეტილება გაუგებარია კობა კვიკვინიასთვისაც. ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ დარღვევები არ ჰქონია და სკოლა წარმატებით ვითარდება.

"თავიდან არ მეგონა, რომ ეს ყველაფერი უკავშირდებოდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, მაგრამ დღეს, როცა არის ასეთი აქციაა და სოფლის რწმუნებული არ მოდის და არ გიჭერს მხარს, ჩნდება ეჭვები", - ამბობს სკოლის ყოფილი დირექტორი.

კობა კვიკვინია პირველი მაისის სკოლის დირექტორად სამეურვეო საბჭომ 2011 წელს 6 წლის ვადით აირჩია.
Print