ახალი ამბები
ზუგდიდელი პოეტი გიორგი შონია "წინანდლის პრემიის" ლაურეატია
ზურაბ ჟვანიას სახელობის "წინანდლის პრემიის" 2020 წლის ლაურეატი კატეგორიაში "მხატვრული ლიტერატურა - პოეზია" ზუგდიდელი გიორგი შონია გახდა. საკონკურსოდ მისი პოეტური კრებული "რობოტების ყვავილები" იყო წარდგენილი, რომელიც "ინტელექტმა" წელს გამოსცა.

"ამ ნომინაციაში გამარჯვება ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. მოგეხსენებათ, რომ ახალგაზრდებს გადაეცემათ ეს ჯილდო. ავტორისთვის მნიშვნელოვანია ეს დაფასება, რადგან თითზე ჩამოსათვლელად გვაქვს ასეთი პრემიები, ძალიან გამიხარდა", - გვითხრა გიორგი შონიამ. 

"წინანდლის პრემია" პრიზებს გამარჯვებულ ავტორებს შემდეგ კატეგორიებში გადასცემს: თეატრალური ხელოვნება, კინოხელოვნება, მხატვრული ლიტერატურა (პროზა), მხატვრული ლიტერატურა (პოეზია), მუსიკალური ხელოვნება, სახვითი ხელოვნება, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ასევე ჰუმანიტარული მეცნიერებები. პრემიის ლაურეატები დიპლომებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
Print