ახალი ამბები
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ფოთში 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფოთში პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე 1 პირი - 1984 წელს დაბადებული ა.ვ. დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი ასლან ვაშაყმაძე, რომელმაც სოციალურ ქსელში გავცელებულ ვიდეომიმართვაში მოქალაქეებს პოლიციელების მიმართ ძალადობისკენ მოუწოდებდა. ვიდეომიმართვა ამ დროისთვის არ იძებნება. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



„მიმდინარე წლის 30 ნოემბერს, ა.ვ.-მ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც მან მოქალაქეებს საჯაროდ მოუწოდა პოლიციის წარმომადგენლის მიმართ ძალადობისკენ. სოციალური ქსელი "facebook"-ის საშუალებით განხორციელებულ Live-ჩართვაში ა.ვ. აღნიშნავდა, რომ საჭიროა მოქალაქეებმა ერთ-ერთი პოლიციელი შეიპყრონ და სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანებები მიაყენონ. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე სსკ-ის 239-ე პრიმა მუხლის შესაბამისად.

აღნიშნული გამოძიების ფარგლებში უწყების გადასაცემად და მოწმის სახით საგამოძიებო უწყებაში დასაბარებლად, მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, პოლიციის თანამშრომლები ქალაქ ფოთში შეხვდნენ ა.ვ.-ს, რა დროსაც ის თავს დაესხა სამართალდამცველებს და მიაყენა ფიზიკური დაზიანებები.

ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლით და 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით“, - ნათქვამია შს სამინიტროს განცხადებაში.

ასლან ვაშაყმაძე „გამარჯვებული საქართველოდან“ აჭარის უზენაეს საბჭოში ხულოს, ხელვაჩაურისა და შუახევის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო. არჩევნების შემდეგ ის აჭარაში მიმდინარე საპროტესტო აქციებში იღებდა მონაწილეობას. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ვიდეომიმართვას ემიჯნებიან და ამბობენ, რომ მათთვის ძალადობა მიუღებელია.

Print