ახალი ამბები
მინისტრი ირაკლი ბებუას უკანონო დაკავებაზე: ეს ქართული მოსახლეობის დაშინებას განაპირობებს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში უკანონო პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუას საკითხს ჟენევის მოლაპარაკებებზე 10-11 დეკემბერს განიხილავენ. მისი შეფასებით, ირაკლი ბებუასთვის უკანონოდ სასჯელის დანიშვნა აფხაზეთში მცხოვრები ქართული მოსახლეობის დაშინებას და მათი გაუსაძლისი პირობების კიდევ უფრო დამძიმებას ისახავს მიზნად.

„ეს არის მორიგი უკანონო ქმედება, რაც მიზნად ისახავს და სამწუხაროდ, განაპირობებს ადგილზე მცხოვრები ქართული მოსახლეობის დაშინებას და მათი ისედაც გაუსაძლისი პირობების კიდევ უფრო დამძიმებას. ყოვლად მიუღებელია და სამწუხაროა, რომ დღევანდელ რეალობაში, როდესაც ყველა, მთელ მსოფლიოსთან ერთად ვებრძვით კოვიდპანდემიას, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გრძელდება ამგვარი დესტრუქციული ნაბიჯები. რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების საკითხი, ისევე როგორც ირაკლი ბებუასთვის უკანონო პატიმრობის მისჯის თემა, იქნება განხილვის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ჟენევაში 10-11 დეკემბერს დაგეგმილი საერთაშორისო მოლაპარაკებებისას და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად თანამშრომლობით, ჩვენს მიერ გაწეული ძალისხმევა მალე გამოიღებს შედეგს და ირაკლი ბებუა, ისევე როგორც ჩვენი სხვა მოქალაქეები, დაუბრუნდებიან ოჯახს და გათავისუფლდებიან უკანონო პატიმრობიდან,“-განაცხადა თეა ახვლედიანმა.

გალში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს ირაკლი ბებუას, რომელმაც "აფხაზური" დროშა დაწვა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

ირაკლი ბებუა, რომელმაც დე ფაქტო რესპუბლიკის დროშა დაწვა, მიმდინარე წლის 30 სექტემბერს დააკავეს. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ოკუპირებულ რეგიონში "გამარჯვების დღეებს" ზეიმობდნენ.



Print