ახალი ამბები
სოხუმი მაინინგ - საქმიანობისთვის საჭირო საქონლის "იმპორტს" დროებით აკრძალავს
2020 წლის 20 დეკემბრიდან 2021 წლის 1 ივნისამდე სოხუმმა დროებით შეზღუდა კრიპტოვალუტის მოპოვების საქმიანობისთვის აუცილებელი საქონლის "იმპორტი". შესაბამის განკარგულებას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა მოაწერა ხელი, წერს "აფსადგილ ინფო".

15 ნოემბრიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპიბლიკაში ელექტროენერგიის მოხმარებაზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა. შესაბამისი ბრძანება კომპანია "ჩერნომორენერგოს" გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ლოგუამ გამოსცა. თავდაპირველად მოსახლეობას, ელექტროენერგიის მიწოდება 6 საათით ეზღუდებოდა, 21 ნოემბრიდან კი "მარაოსებრი" გათიშვების გრაფიკით გათვალისწინებული დრო 4 საათამდე შემცირდა.
შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა გამოიწვია ელექტროენერგიის დეფიციტმა, რომლის მიზეზია კრიპტოვალუტის მომპოვებლების უკანონო საქმიანობა და მათ მიერ ელექტროენერგიის არალეგალური მოხმარება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ დროიდან "ენერგოზბიტის" და "ჩერნომორენერგოს" რეგიონული ფილიალების თანაშრომლებმა რეიდების ჩატარება დაიწყეს ელექტროენერგიის უკანონო მომხმარებელთა გამოსავლენად.

2018 წელს სოხუმმა აკრძალა მაინინგ - საქმიანობა, მაგრამ მიმდინარე წლის სექტემბერში ისევ დაუშვა, რადგან ვერ შეძლო აკრძალვის პრაქტიკაში განხორციელება.

ლოგუას განცადებით, აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად 5-9% -ით იზრდება და არსებული სიმძლავრე მიმდინარე მოთხოვნასაც ვერ აკმაყოფილებს და ელექტროენერგიის ქსელების ცვეთამ კრიტიკულ მდგომარეობას მიაღწია. მისივე თქმით, 2021 წლის დასაწყისში, ენგურჰესზე დაგეგმილი რეაბილიტაციის პერიოდში, აფხაზეთის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა რუსეთიდან მოხდება.

Print