ახალი ამბები
ზუგდიდში სამედიცინო პერსონალისთვის მადლიერების გამოსახატად კამპანია იწყება 
ზუგდიდში საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის მხარდასაჭერად კამპანია დაგეგმეს. ორგანიზატორების განმარტებით, მათი მიზანია მადლიერების გამოხატვა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პანდემიის პერიოდში პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად დაუღალავად შრომობენ.

როგორც იდეის ავტორი, გერმანიაში მცხოვრები ზუგდიდელი გოჩა ლაგვილავა ამბობს, კამპანიის მონაწილეებმა საკუთარი საცხოვრებლის ფანჯრებსა და აივნებზე გულის ფორმის ნახატები ან წარწერები უნდა გამოფინონ.

სპეციალურად ამ კამპანიისთვის საკუთარ ნამუშევარს შექმნის ახალგაზრდა მხატვარი გიგი სიჭინავა. გარდა ამისა, სწორედ ამ ნახატის გამოყენებით შეიქმნება სპეციალური ჩარჩო სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის.

"აქციის მთავარი მიზანი არის ამ ყველასათვის ძალიან რთულ დროს ჩვენი ექიმების, მედდების და ზოგადად, სამედიცინო პერსონალის მიმართ მადლიერების გამოხატვა. მათი უზარმაზარი ემოციური და ფიზიკური შრომის, პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობის და ზოგ შემთხვევაში, თავგანწირვის დაფასება. ასევე ამ აქციას აქვს მეორე მიზანიც - ზოგადად, მადლიერების გამოხატვის კულტურის დანერგვა. მოგეხსენებათ, რომ "ათინათის" მისიაა ნდობის გაღრმავება და მშვიდობის მშენებლობა, ეს კი მადლიერების გარეშე არ მოხდება. ამდენად, ჩვენ ვიზიარებთ გოჩას იდეას და მხარში ვუდგავართ მის განხორციელებაში", - გვითხრა საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, ასოციაცია " ათინათის" გამგეობის თავმჯდომარემ რუსუდან ყალიჩავამ.

მისივე თქმით, მოხარული იქნება, თუ ზუგდიდში დაწყებულ ამ კამპანიას სხვა ქალაქებიც შეუერთდებიან.

კამპანია "ჩემი გულითადი მადლიერება სამედიცინო პერსონალს" 17 დეკემბერს დაიწყება.
Print