ახალი ამბები
ესებუას ადვოკატი: ბიძინა ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ იარაღი ჩაუდეს
საქართველოს ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულის ბადრი ესებუას დაკავებული ძმის ადვოკატის ინფორმაციით, ბიძინა ესებუა ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას იარაღი პოლიციამ ჩაუდო. ამის შესახებ ჟურნალისტებს სოსო ჯანაშიამ მას შემდეგ უთხრა, რაც მეორე უფლებადამცველთან ხათუნა ჯანაშიასთან ერთად სამხარეო პოლიციის შენობა დატოვა.

“მასალებს ჯერ არ გავცნობივართ, შევხვდით დაკავებულს. ჯერ კიდევ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, შესაბამისად ,მასალები გადმოგვეცემა მას შემდეგ, რაც ბრალი წარედგინება. ამ ეტაპისთვის ის ბრალს არ აღიარებს, ედავებიან საბრძოლო მასალის გადაზიდვას. ნივთმტკიცებები ამოღებულია მისი კუთვნილი მანქანიდან, ის ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ეს მას ჩაუდეს. მოგეხსენებათ, ის კეთილმოწყობის სამსახურში მუშაობს და მისი მანქანა ორი დღის განმავლობაში იდგა იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მისი თქმით, ამ მანქანის საბარგული არ იკეტებოდა და ფიქრობს, რომ სწორედ იმ დროს ჩაუდეს იარაღი, საუბარია ორ ხელყუმბარაზე და ას ცალ ვაზნაზე. რისთვის უნდა დასჭირვებოდა ბიძინას ეს მასალა საბარგულში?”,- თქვა იოსებ ჯანაშიამ.

სამართალდამცავი უწყება “საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებულის ძმას ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება.

გამოძიების ვერსიის არ სჯერა არც ესებუების ოჯახს.

ბიძინა ესებუა დღეს მაშინ დააკავეს, როცა ის საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა.


Print