ახალი ამბები
ბადრი ესებუას ძმას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს
ბიძინა ესებუას, რომელიც "საქართველოს ბანკზე " თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძმაა, ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ის ადვოკატების თანდასწრებით კიდევ ერთხელ გამოკითხეს, სასამართლო კი მისი აღკვეთის ღონისძიებაზე, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს. როგორც ესებუების უფლებადამცველმა სოსო ჯანაშიამ განმარტა, დაკავებული ბრალს არ აღიარებს. ასევე, ადვოკატები განმარტავენ, რომ ბიძინა ესებუა მის ძებნილ ძმასთან კონტაქტის შესახებ ინფორმაციას უარყოფს.

"ჩვენი პოზიციაა, რომ ბიძინა დააკავეს, რათა ბადრი ესებუაზე განახორციელონ ზეწოლა მისი ოჯახის წევრის დაკავების გზით, რათა გამოცხადდეს პოლიციაში და ჩაბარდეს. ვფიქრობთ, ეს არასამართლიანი მიდგომაა, ასე არ უნდა ხდებოდეს", - აღნიშნა ჯანაშიამ.

სამართალდამცავი უწყება “საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებულის ძმას ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება. ბიძინა ესებუა კი ამბობს, რომ მას იარაღი ჩაუდეს. გამოძიების ვერსიის არ სჯერა არც ესებუების ოჯახს.

ბიძინა ესებუა 12 დეკემბერს მაშინ დააკავეს, როცა ის საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა.


Print