ახალი ამბები
ბადრი ესებუას ძმას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
"საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძმას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ნატრული აკობიამ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ამით სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის დიმიტრი ხვიტიას შუამდგომლობა პატიმრობის შესახებ. ბიძინა ესებუას გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა და ტარებას ედავება.

დაცვის მხარე ბრალდებულის 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა და ამტკიცებდა, რომ ბიძინა ესებუას მიმალვის საფრთხე არ არსებობდა. ბრალდების მხარის მტკიცებით კი არსებობდა დაკავებულის მიმალვის, გამოძიების ხელის შეშლისა და ასევე ახალი დანაშაული ჩადენის საფრთხე, რის გამოც ის ესებუას პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა.

ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ სასამართლოზე ბადრი ესებუას დაკავების გარემოებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება ძალოვანი სტრუქტურის უსუსურობაზე მიუთითებს. ჯანაშიამ სასამართლოს უთხრა, რომ პოლიციელებმა ესებუას იარაღი და ის სხვა ნივთები, რომელიც დაკავებულის მანქანაში თითქოს სამართალდამცავებმა იპოვეს, "ჩაუდეს" და ისინი ესებუას არ ეკუთვნის. უფლებადამცველი ასევე თვლის, რომ დაკავებული სატყუარად გამოიყენეს და ამით ძებნილ ბადრი ესებუაზე ცდილობენ ზეწოლის მოხდენას.

გარდა ამისა, იოსებ ჯანაშიამ ბრალდების მხარეს ჰკითხა, ოპერატიული ინფორმაციის მიღების შემდეგ, განხორციელდა თუ არა ბიძინა ესებუას თვალთვალი, რომელიც გამოძიების მასალებით მიხედვით, მიდიოდა ძმასთან. პროკურორმა ამ კითხვის პასუხად თქვა, რომ თვალთვალი არ განხორციელებულა.

"2 დღე-ღამის განმავლობაში ეყენა მანქანა ზუგდიდის იუსტიციის სახლის მიმდებარედ. არ იკეტებოდა საბარგული და იქ თავისუფლად შეეძლოთ "ამოღებული ნივთების" ჩადება. ამ ტერიტორიაზე არსებობს სათვალთვალო კამერები და მას აუცილებად გამოვითხოვთ და ამისთვის გვჭირდება დრო... ასევე, გარეთ არის 21-ე საუკუნე და ვიზუალური თვალთვალის გარდა არსებობს უამრავი ხერხი, რომ ავტომობილის ადგილსამყოფელი დაადგინო ან უთვალთვალო მას", - აღნიშნა ადვოკატმა.

თავის მხრივ, დაკავებული თავს უდანაშაულოდ თვლის. მან სასამართლოზე აღნიშნა, რომ ის მიმალვას არ აპირებდა და პოლიციის მანქანა მაშინ დაზიანდა, როცა სამართალდამცავები უკანსვლით მიუახლოვდნენ მის კუთვნილ მანქანას.

"არ ვაპირებდი მიმალვას. ეს, რომ მნდომებოდა არ გავაჩერებდი და არ გადავაყენებდი მანქანას", - ამ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა ბიძინა ესებუა.

მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე წინასასამართლო სხდომის ჩანიშვნას 20 იანვრის შემდეგ ითხოვდა, პროკურორის შუამდგომლობით და მოსამართლის გადაწყვეტილებით, ის ზემოაღნიშნულ დროს გაიმართება. ბადრი ესებუასა და მისი ძმის ბიძინა ესებუას საქმე ერთ წარმოებად არის მიღებული.

ინფორმაციისთვის, დღევანდელი სასამართლო სხდომა დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.

ამავე თემაზე: 

ბადრი ესებუას ძმას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

ესებუას ადვოკატი: ბიძინა ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ იარაღი ჩაუდეს

შსს:პოლიციის ვარაუდით, ბადრი ესებუას ძმას მასთან ჰქონდა კონტაქტი - ამოღებულია ხელყუმბარები და საკვებიც (ვიდეო)

პოლიციამ ბადრი ესებუას ძმა დააკავა


Print