ახალი ამბები
აფხაზეთიდან რუსეთში ციტრუსის გაორმაგებული "ექსპორტი" და საცობები ფსოუზე
აფხაზეთიდან რუსეთში ამ დროისათვის 24 800 ტონა ციტრუსი გაიტანეს, რაც ორჯერ მეტია, ანალოგიური პერიოდის შარშანდელ მაჩვენებელზე, წერს "აბხაზია ინფორმი" სამხრეთის საბაჟო სამმართველოს მონაცემებზე დაყრდნობით.

რუსული მხარის მიერ დაწესებული შეზღუდვების თანახმად, რომლებიც 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა, ფიზიკურ პირს აფხაზეთიდან 25 კილოგრამზე მეტი სასოფლო - სამეურნეოს პროდუქციის გატანა არ შეუძლია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მან თითო კილოგრამზე 4 ევრო უნდა გადაიხადოს დამატებით. გარდა ამისა, 5 კილოგრამზე მეტი პროდუქციის შეტანის შემთხვევაში, მეწარმემ უნდა წარადგინოს ფიტოსანიტარული სერტიფიკატი.

ნაკლები პრობლემები აქვთ მსხვილ მიმწოდებლებს, რომლებსაც რუსულ მხარესთან კონტრაქტები (21 რუბლი კილოგრამზე) აქვთ გაფორმებული.

გაზრდილი საბაჟო გადასახადის, ტვირთის გაფორმების პროცედურის გართულების და საგუშაგოზე გაორმაგებული დატვირთვის გამო, აფხაზ "ექსპორტიორებს" ხშირად ფსოუზე საცობებში უწევთ დგომა, ხოლო რუსი მებაჟეები "აფხაზურ - რუსულ საზღვარზე" ციტრუსების გადატანისას რიგ დარღვევებს აფიქსირებენ, როგორიცაა - "მანდარინის დოკუმენტების გარეშე შეტანის, ასევე მანდარინებში სიგარეტის და ალკოჰოლის გადატანის მცდელობები".

ამავე ინფორმაციით, სამხრეთის საბაჟო სამმართველოს მიერ წლევანდელი სეზონის დაწყებიდან "ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ 200 - მდე საქმეა აღძრული" და "5000 კილოგრამი ციტრუსის რუსეთში უკანონოდ შეტანის მცდელობაა აღკვეთილი".

2019 წლის ოქტომბერ - თებერვალში, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკიდან რუსეთის ფედერაციაში 12 ათასი ტონა ციტრუსი გაიტანეს.






Print