ახალი ამბები
სოხუმში მომხდარი სროლის ფაქტზე ყოფილი "მერი" დააკავეს
სამართალდამცველებმა სოხუმში, "ტურბაზის" რაიონში მომხდარი სროლის ფაქტზე ქალაქის ყოფილი "მერი" ადგურ ხარაზია დააკავეს. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს ავრცელებს.

ხარაზიას ბრალად ედება ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში, განზრახ მძიმე დაზიანების მიყენება, აგრეთვე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება. სისხლის სამართლის საქმე შესაბამისი მუხლებითაა აღძრული.

უწყების ინფორმაციით, 14 დეკემბერს, დილის 10:20 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული იმ დროისთვის დაუდგენელი პირი მიუახლოვდა აკირტავას ქუჩაზე გაჩერებულ Nissan Patrol  - ის მარკის მანქანას, რომელსაც მართავდა სოხუმის მკვიდრი ა. შაკრილი და რამდენჯერმე გაისროლა მისი მიმართულებით.

ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა  შაკრილი , ორივე ტერფის ჭრილობით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.


Print