ახალი ამბები
გომელაური ბადრი ესებუას საქმეზე: დავაკავეთ მისი ძმა, რომელიც ეხმარებოდა
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, უწყება საქმეზე მუშაობს და გამოძიების მიმდინარეობაზე ღიად ვერ ისაუბრებს. მან ასევე თქვა, რომ სამართალდამცავებმა ბრალდებულ ბადრი ესებუას ძმა დააკავეს, რომელიც, ომელაურის მტკიცებით, ძებნილს ეხმარებოდა.

დავაკავეთ ბადრი ესებუას ძმა, რომელიც ეხმარებოდა და აკრძლული ნივთები გადაჰქონდა. ვმუშაობთ და ღიად ვერ ვსაუბრობთ ამ თემასთან დაკავშირებით", - განაცხადა გომელაურმა.

21 ოქტომბერს, შუადღეს, დაახლოებით, 14 საათზე და 10 წუთზე ზუგდიდში, "საქართველოს ბანკში" ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა. თითქმის რვასაათიანი მოლაპარაკებისა და სპეცოპერაციის შედეგად, ბოროტმოქმედმა 4 მძევლის და 500 000 ამერიკული დოლარის (ოფიციალური ინფორმაციით) თანხლებით ბანკის შენობა დატოვა და პოლიციის მანქანით მიიმალა.

მოგვიანებით მან მძევლები, მათ შორის, სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა ჩხოროწყუს სოფელ კირცხში დატოვა და გაუჩინარდა.

შს სამინისტროს ცნობით, თავდამსხმელი ზუგდიდის სოფელ ალერტკარის მკვიდრი ბადრი ესებუაა. უწყებამ იდენტიფიცირებული პირის დაკავება ამ დრომდე ვერ შეძლო, გრძელდება სამძებრო ღონისძიებები. "საქართველოს ბანკზე" თავდასხმის საქმეს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიეცა.

Print