ახალი ამბები
აფხაზეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც საქართველოს მოქალაქეს მანქანით დაეჯახა
გალის სოფელ ჭუბურხინჯში, წყალში ნაპოვნ ცხედართან დაკავშირებით დე ფაქტო აფხაზეთის შს სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ შუახნის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევა გახდა. უწყების ცნობით, სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია.

"გალის შინაგან საქმეთა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ალბერტ დემერჯი-ოღლია, რომელიც ქვეითს დაეჯახა. დემერჯი-ოღლიმ UAZ-ის ტიპის ავტომანქანით გადაადგილებისას საჭე ვერ დაიმორჩილა და ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, რომელიც სოფლის გზაზე გადაადგილდებოდა. შემთხვევის ადგილიდან მიმალვის შემდეგ მძღოლმა ენგურის გამშვები პუნქტის მიმართულებით განაგრძო მოძრაობა, რა დროსაც კვლავ მოჰყვა ავარიაში. ავტომანქანა თხრილში დატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დემერჯი-ოღლი დაკავებულია. მას ბრალად ედება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია. საგამოძიებო ორგანომ გალის რაიონულ სასამართლოდ მიმართა შუამდგომლობით დემერჯი-ოღლისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში, მდინარეში მამაკაცის ცხედარი 12 დეკემბერს იპოვეს. ადგილობრივები ვარაუდობდნენ, რომ ის წყალში არ დამხრჩვალა და გარდაცვალებამდე გარკვეული სახის დაზიანებები ჰქონდა მიღებული. 

56 წლის მამაკაცის ცხედარი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გუშინ გადმოასვენეს.


Print