ახალი ამბები
კორონავირუსით გარდაცვლილი ფოთელი ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს
32 წლის გიორგი მიმინოშვილის ოჯახი მის გარდაცვალების მიზეზად ექიმების უყურადღებობას ასახელებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს გარდაცვლილის მეუღლემ და დედამ უთხრეს. მათი ინფორმაციით, რუხის კლინიკაში გადაყვანამდე ფოთელი ახალგაზრდა მამაკაცი შეკვეთილში, კოვიდ სასტუმროში იყო მოავსებული, სადაც შესაბამისი დახმარება დროულად არ გაეწია და არც კვლევები ჩაუტარდა თავის დროზე.

„სათანადო ყურადღება რომ ყოფილიყო, დღეს ცოცხალი იქნებოდა. იქ რომ სიცხის დამწევიც მიეცათ, გადაეღოთ დროზე ფილტვებზე კატე და ენახათ, რა მდგომარეობა იყო, ასე არ დასრულებოდა”, - თქვა გარდაცვლილის მეუღლემ ალა ქობალავამ.

თავის მხრივ, კოვიდსასტუმროს მთავარი ექიმი თამუნა ქათამაძე ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და განმარტავს, რომ პაციენტს პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა პროცედურა დროულად ჩაუტარდა.

"შემოსვლის დროს, სატურაცია იყო აბსოლუტურად მისაღები. სხვა მონაცემებიც აბსოლუტურად ნორმაში იყო. მხოლოდ იმ ღამეს, გადმოყვანიდან დაუვარდა სატურაცია. ჟანგბადის კონცენტრატის აპარატების მიწოდება დავიწყეთ და ავიყვანეთ ჩვენ სასიცოცხლო პარამეტრამდე. ჩვენს მიმართ ბრალდებებს აბსოლუტურად გამოვრიცხავ,“ - აღნიშნა ქათამაძემ.

რუხის კოვიდმიმღებ კლინიკაში 32 წლის ინფიცირებული პაციენტი გუშინ გამთენიისას გარდაიცვალა. მამაკაცი საავადმყოფოში ფოთიდან რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს, თუმცა, ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო.




Print