ახალი ამბები
Covid – 19 : ტურისტული მატარებელი რუსეთიდან აფხაზეთში დამატებითი შეზღუდვების ფონზე
საახალწლო დღესასწაულებზე, 28 დეკემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით, კისლოვოდსკიდან გაგრაში ტურისტული მატარებელი ივლის. ინფორმაციას "რუსეთის რკინიგზა" ავრცელებს, წერს "აფსნიპრესი". ამავე ინფორმაციით, გადამზიდავი კომპანია ასევე მოემსახურება, ამ პერიოდში სოჭში მყოფ დამსვენებლებსაც, რომლებსაც "აფხაზეთის ღირშესანიშნაობების დათვალიერების შესაძლებლობა მიეცემათ, ამ ტურის ფარგლებში".

მანამდე „ტურიზმის მინისტრმა“ თეიმურაზ ხიშბამ გამოცემას განუცხადა, რომ პანდემიის მიუხედავად, იზრდება მოთხოვნა აფხაზეთში საახალწლო ტურებზე და ამ დროისათვის სასტუმროების თითქმის 50% დაჯავშნილია.

ამასთან ერთად, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, წინასაახალწლო დღეებში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს აძლიერებს კონტროლს და მკაცრად აფრთხილებს მოქალაქეებს და დღესასწაულების ორგანიზატორებს, რომ ამ პერიოდში თავი შეიკავონ საქორწილო ცერემონიების, აგრეთვე მასობრივი ღონისძიებების ჩატარებისგან.

ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსისგან გარდაცვლილთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა, ხოლო ინიფიცირების 7704 შემთხვევაა დადასტურებული.

კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო სოხუმმა 2020 წლის 24 ნოემბრიდან დამატებითი შეზღუდვები დააწესა. აიკრძალა ქორწილები, მასობრივი და სპორტული ღონისძიებები, თეატრებისა და საკონცერტო დარბაზების საქმიანობა, სპორტული დარბაზების, მასაჟისა და სპა სალონების მუშაობა. ასევე, კარანტინია გამოცხადებული სკოლებსა და საბავშვო ბაღებში. ამ პერიოდის განმავლობაში, დროებით თავისუფლდებიან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან 65 წელს ზემოთ ასაკის, "სახელმწიფო და მუნიციპალურ ორგანოებში მომუშავე საჯარო მოხელეები", ასევე ის თანამშრომლები, რომელთაც სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკის შვილები ჰყავთ. იგივე რეგულაციები ვრცელდება კომერციული და არაკომერციული ორგანიზაციების თანამშრომლებზე.

აღნიშნული შეზღუდვები 2021 წლის 21 იანვრამდე მოქმედებს.


Print