ახალი ამბები
ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის დამთვალიერებელს ელექტრო ტრანსპორტი მოემსახურება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ნოქალაქების მუზეუმ-ნაკრძალის დამთვალიერებლებს ახალ მომსახურებას შესთავაზებს. სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში ეპიდემიური ვითარების ნორმალიზებისთანავე ნოქალაქევის სამუზეუმო სივრცის ვიზიტორებს ეკოლოგიურად უსაფრთხო ელექტრო ტრანსპორტით მოემსახურებიან.

"ახალი სერვისი მუზეუმ-ნაკრძალების დამატებითი ატრაქცია იქნება და ტურისტებს ტერიტორიაზე უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებაში დაეხმარება. 2 ტიპის ელექრომობილები კულტურული მემკვიდრეობის სივრცეებზე წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით გადანაწილდებიან. 2 ერთეული მცირეგაბარიტიანი მიკროავტობუსი ნოქალაქევის დამთვალიერებელს მოემსახურება, ხოლო 2 ერთეული სრულგაბარიტიანი მიკროავტობუსი ვარძიის კომპლექსის ვიზიტორებს ქვედა ტერასიდან ზედა ბაქანზე გადააადგილებს", - აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნოქალაქევში კომპლექსური სამუშაოები, რომელიც 2016 წელს დაიწყო, 2020 წელს უნდა დასრულებულიყო. მას სრულად აფინანსებს საქართველოს მთავრობა. მუზეუმ-ნაკრძალის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 14 მილიონი ლარი დაიხარჯება.

პროექტი საქართველოს მთავრობის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და მხარდაჭერით ხორციელდება.
Print