ახალი ამბები
აფხაზეთში 16 წლის ახალგაზრდა Covid-19 - ით ორჯერ დაინფიცირდა -სკორიკი
კორონავირუსით რეინფიცირების ფაქტი დაუდასტურდა აფხაზეთში მცხოვრებ 16 წლის ახალგაზრდას. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"პირველად ახალგაზრდა გოგომ სამედიცინო დაწესებულებას 2020 წლის 6 ოქტომბერს მიმართა, მაშინ პაციენტს დაავადების მსუბუქ ფორმაზე მიმანიშნებელი სიმპტომატიკა აღენიშნებოდა, ყნოსვის დაკარგვა, ტემპერატურა 37/1 – 37/2 , მას 8 ოქტომბერს PCR ტესტირება ჩაუტარდა და კორონავირუსული ინფექცია დადასტურდა", - განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმა.

მისი თქმით, პაციენტი 14 - დღიან იზოლაციაში იმყოფებოდა, მას მედიკამენტოზური დახმარება არ დასჭირვებია, რადგან დაავადება მსუბუქ ფორმაში მიმდინარეობდა.  "განმეორებითმა ტესტირებამ ამ დროის გასვლის შემდეგ, უარყოფითი პასუხი უჩვენა, სიმპტომებიც არ აღენიშნებოდა. " - აღნიშნა მედიკოსმა. 

მისივე ინფორმაციით, 15 დეკემებერს, ახალგაზრდა გოგოს ისევ გამოუვლინდა Covid -19 - თვის დამახასიათებელი სიმპტომები, რის გამოც ის იძულებული იყო, ექიმებისთვის მიემართა. ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ პაციენტს ისევ კორონავირუსი აქვს. " ამ ეტაპზე, ის მკურნალობის კურსს გადის", - აცხადებს სკორიკი.

მისი განმარტებით, ექიმებმა ჯერ არ იციან, თუ როგორი შეიძლება იყოს დაავადების მიმდინარეობა რეინფიცირების შემთხვევაში. სპეციალისტის ვარაუდით, ხელმეორედ დაინფიცირება, შესაძლოა, ძალიან საშიში აღმოჩნდეს ასაკოვანი პაციენტებისთვის.



Print