ახალი ამბები
TI: ზუგდიდის საოლქო კომისიამ საარჩევნო უბნების 120 წევრი უკანონოდ დანიშნა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ”  პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისთვის  ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით,  საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება საქართველოსთვის კვლავ პრობლემურია. ამასთან, დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ წინა არჩევნების მსგავსად, წელსაც მნიშვნელოვანი პრობლემა იყო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით დასანიშნი წევრების შერჩევის პროცესი და ეს განსაკუთრებით ზუგდიდის #67-ე საარჩევნო კომისიას ეხება.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია #67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია, რომელმაც დაქვემდებარებულ საუბნო კომისიებში 642 წევრიდან 102 კანონის მოთხოვნის უგულებელყოფით დანიშნა, კერძოდ, პროფესიული ნიშნით დანიშნა ისეთი წევრები, რომლებიც წინა საპრეზიდენტო არჩევნების დროს პარტიების მიერ იყვნენ დანიშნული, ეს კი წელს ამოქმედებული ახალი რეგულაციით, უკანონოა. გარდა ამისა, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები საუბრობდნენ იმაზე, რომ ცალკეულ საოლქო და საუბნო კომისიებში პროფესიული ნიშნით ახალდანიშნული წევრები ხშირ შემთხვევაში ამა თუ იმ ფორმით დაკავშირებული არიან მოქმედ ხელისუფლებასთან, მუშაობენ საბიუჯეტო ორგანიზაციებში, ან აქვთ ახლო ნათესაური კავშირი მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” პერიოდულად ამოწმებდა მსგავს ინფორმაციას და მათი უმრავლესობა დასტურდებოდა“, - ნათქვამია ანგარიშში.

ორგანიზაცია სამთავრობო უწყებებს მთელი რიგი რეკომენდაციებით მიმართავს, მათ შორის,  ძალოვან სტრუქტურებს მოუწოდებს ამომრჩევლების დაშინების, ზეწოლისა და მოსყიდვის საქმეები ეფექტურად გამოიძიონ.

„საჭიროა, საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით დასანიშნი თანამდებობების შევსების პროცესის მეტი რეგლამენტაცია და მკაფიო საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩამოყალიბება. უნდა შემუშავდეს კანდიდატთა შერჩევის ისეთი პროცედურები, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანს იმის შანსებს, რომ პოლიტიკური პარტიების აქტივისტები დაინიშნონ ამ თანამდებობებზე“, - ვკითხულობთ ანგარიშის რეკომენდაციების ნაწილში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საპარლამენტო არჩევნების პერიოდში მათ მიერ დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ინფორმაციებს პერიოდულად აქვეყნებდა.
Print