ახალი ამბები
გახარია ზუგდიდის სტადიონზე: გვტკივა, შეცდომები ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაუშვა
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას განცხადებით, ზუგდიდის სტადიონის მშენებლობა მაქსიმალურად მჭიდრო ვადებში გაგრძელდება და დასრულდება.
ამის შესახებ მან პარლამენტში ისაუბრა. ზუგდიდის სტადიონის შესახებ კითხვა მთავრობის მეთაურობის კანდიდატს დეპუტატმა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დაუსვა.

გიორგი გახარია ამბობს, რომ ეს მტკივნეული საკითხია და შეცდომები ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაუშვა. პრემიერობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ საკითხი გამოძიების საგანიც უნდა გახდეს.

"სერიოზული შეცდომები იყო ადგილობრივი ხელისუფლების თავის დროზე დაშვებული, რომლის გამოსწორებაც რესურსიც ბევრი დაჯდა, დროც და ადამიანური კაპიტალიც. საერთოდ გამოსაძიებელია ეგ საქმე, მე თუ მკითხავთ, რატომ მოხდა ის რაც მოხდა, პირველ ეტაპზე, როდესაც ამხელა რესურსი იყო დახარჯული. ახლაც გარკვეული პროცესი მიმდინარეობს, თუმცა ისე არა, როგორც ზუგდიდელებს დააკმაყოფილებს, მაგრამ, გარწმუნებთ, რომ ეს სტადიონი მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულდება. ვეცდებით, რომ, მსგავსი რომ აღარ განმეორდეს, ყველას შესაბამისი პასუხი მოვთხოვოთ", - აცხადებს გიორგი გახარია.

ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში უეფას მესამე კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა 2016 წლის თებერვალში დაიწყო. მშენებლობის მომდევნო წელს სტადიონზე, სათამაშო მოედანს ბეტონის სარტყელი შემოავლეს, რომლეის მორღვევის რეკომენდაცია ფეხბურთის ფედერაციამ ფეხბურთელების უსაფრთხოებიდან გამომდინარე გასცა, რადგან კედლის არსებობის შემთხვევაში სტადიონი უეფას მესამე კატეგორიის სტანდარტებს არ დააკმაყოფილებდა. სტადიონის დასასრულებლად და სათადარიგო სტადიონის ასაშენებლად ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ამ დრომდე არ დასრულებულა, ბეტონის კედლის მორღვევის ვალდებულება კი მეორე ეტაპზე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ეკისრებოდა.

სტადიონის პროექტის საერთო ღირებულება 20 მილიონი ლარია, სტადიონის პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 9 747 000 ლარი, მეორე ეტაპისთვის კი 10 მილიონზე მეტი ლარია გათვალისწინებული. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა 6,5 ჰექტარ მიწის ფართობს დაიკავებს.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

Print