ახალი ამბები
ფახულანთან განხორციელდა ახალი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი - სუს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 26-27 დეკემბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. საგუშაგოსთან, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკვე არსებული მავთულხლართების უკან, განხორციელდა ახალი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი.

"საოკუპაციო რეჟიმმა გაავლო ახალი მავთულხლართები, ასევე მათ მიერ დამონტაჟდა ახალი კონსტრუქციები. აღნიშნული ქმედება წარმოადგენს მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯს, რაც კიდევ უფრო მეტ პრობლემებს უქმნის მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების კუთხით და აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე ცნობით, საკითხთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და საერთაშორისო პარტნიორები.
Print