ახალი ამბები
ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვანი ზრდა გარდაუვალია - ენერგო-პრო ჯორჯია
უკვე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამომხმარებლო ტარიფის ზრდა სამწუხაროდ აუცილებელია. უკვე 10 თვეა მწვავე ფინანსურ კრიზისში ვიმყოფებით, - ამის შესახებ ენერგო-პრო ჯორჯიას გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ტარიფის ზრდა არ უნდა აღიქმებოდეს კომპანიის მოთხოვნად.

"მოქმედი ტარიფი დადგინდა 2018 წლის 1 იანვრიდან 3 წლის ვადით. მოქმედი ტარიფი, ობიექტურ მიზეზთა გამო, უკვე დიდი ხანია ვერ ანაზღაურებს დრამატულად გაზრდილ ხარჯებს, ელექტროენერგიის შესყიდვის თუ სხვა მიმართულებებით. მოგვიწია განვითარების ყველა გეგმაზე უარის თქმა, საინვესტიციო პროექტების მნიშვნელოვნად შემცირება, გართულდა სახელფასო ფონდის დაფინანსებაც კი. მიუხედავად აღნიშნული სირთულეებისა, დამფუძნებელი ჯგუფის და საბანკო სექტორის დახმარებით, მაინც შევძელით ვალდებულებების შესრულება, აგრეთვე შევინარჩუნეთ ყველა თანამშრომელი. თუმცა, საინვესტიციო პროექტების ასეთი შემცირება, ბუნებრივია უარყოფით გავლენას ახდენს მომსახურეობის ხარისხზე და ელექტრომომარაგების უწყვეტობის მაჩვენებლებზე", - აღნიშნა მან.

ბოცვაძის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ შესყიდული ელექტროენერგიის ხარჯი სრულად არ დაფინანსდა კომპანია ოპერირებას ვერ განაგრძობს, ასევე რისკის ქვეშ დადგება ელექტრომომრაგების საკითხი, ამით კი აბონენტების ინტერესები დაზიანდება.

"რა თქმა უნდა ახლა ჯერი ელექტროენერგიის მარეგულირებელ კომისიაზეა, ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას მათ ვაკისრებთ, ბოლო კვირეებია გვაქვს მწვავე განხილვები თითოეულ პარამეტრზე, რაც იწვევს ტარიფის კორექტირებას, არსებობს არაერთი შეუთანხმებელი საკითხი. გვსურს გვჯეროდეს, რომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება იქნება დაბალანსებული და შექმნილი მძიმე მდგომარეობის ადეკვატური, სხვა გზა უბრალოდ აღარ არსებობს, ყველა რესურსი ამოწურულია!" - თქვა ენერგო-პროს გენერალურმა დირექტორმა.
Print