ახალი ამბები
დარწმუნებული ვარ, რუხის კლინიკა გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხიდი საქართველოსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობის - ჯანდაცვის მინისტრი
მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ექიმს, რომელმაც პირველი დღიდან ირწმუნა, რომ ასეთ მოკლე ვადაში შესაძლებელი იყო ამხელა მასშტაბის კლინიკის აღჭურვა და შესაბამისად მერე მნიშვნელოვანი პაციენტების მკურნალობა, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყების 2020 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა. მინისტრის თქმით, სწორედ რუხის მრავალპროფილური კლინიკა არის ის მნიშვნელოვანი ხიდი, რომელიც ყველაზე მთავარ ფასეულობაზე - ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე გადის.

"აქ მკურნალობა მიმდინარეობს წარმატებულად, აქვთ საკმაოდ დადებითი დინამიკა ყველა მიმართულებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ასევე რესპუბლიკური საავადმყოფოს ჩართულობა რუხის კლინიკასთან მიმართებაში, ვინაიდან ხდება რესპუბლიკური საავადმყოფოდან კადრების მობილიზება რუხის კლინიკაში. მინდა წარმატება ვუსურვო მათ და დარწმუნებული ვარ, რუხის კლინიკა გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხიდი საქართველოსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობის", - აღნიშნა მინისტრმა.

მან სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. მათ შორის, კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე გადადგმულ პრევენციულ ნაბიჯებზე. უწყების ხელმძღვანელმა ანგარიშის პრეზენტაციისას ყურადღება ყველა იმ ძირითად ღონისძიებაზე გაამახვილა, რომლითაც ქვეყანა ვირუსის პირველ ტალღას წარმატებით გაუმკლავდა. როგორც მან აღნიშნა, გადაუდებელი დახმარების ექიმები, შესაძლებლობიდან გამომდინარე უმოკლეს დროში ახერხებენ სწრაფ რეაგირებას მოქალაქეთა დასახმარებლად.

"2020 წლის 1 იანვრიდან გადაუდებელი დახმარება 1 200 000 მოქალაქეს გაეწია. გამოძახებებზე საშუალო მოლოდინის დრო 1 სთ და 24 წუთიდან 20 წუთამდე შემცირდა", - თქვა მან.

პრეზენტაციის ფარგლებში მინისტრმა ყურადღება ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებზეც გაამახვილა. მისი თქმით, პანდემიის პირობებში ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს სამედიცინო მომსახურების მიღებაზე პრობლემა არ შექმნიათ. გარდა ამისა, მან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელებულ ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიმსივნით დაავადებული პაციენტების მკურნალობას სახელმწიფო დააფინანსებს.

პრიორიტეტულ ამოცანად ტიკარაძემ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და ეკომიგრანტთა აქტიური განსახლება, ასევე მათი საარსებო წყაროებით უზრუნველყოფა დაასახელა.

"ახალი საცხოვრებელი ფართი 2 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა. პროფესიული განათლების, დასაქმების, თვითდასაქმების, სასოფლო-სამეურნეო და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, 400-მდე იძულებით გადაადგილებული პირი დაფინანსდა. 2021 წელს სააგენტო დევნილი ოჯახებისთვის 2 200 ახალაშენებულ ბინას და 1 200 სოფლად სახლს შეისყიდის", - განაცხადა მინისტრმა.
Print