ახალი ამბები
ნოჯიხევში მოსწავლეებმა თანაკლასელის მხარდასაჭერად საქველმოქმედო კამპანია დაიწყეს
ხობში, ნოჯიხევის საჯარო სკოლის მოსწავლეების ორგანიზებით საქველმოქმედო კამპანია "სიკეთე გადამდებია" დაიწყო. როგორც რადიო "ათინათს" იდეის ავტორებმა უთხრეს, აქციის ფარგლებში შეგროვებულ თანხას თანაკლასელის მხარდასაჭერად გამოიყენებენ.

"10-ე კლასის მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობის" ფარგლებში დავგეგმეთ ეს აქცია, რადგან ჩვენს მეგობარს აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა. დაახლოებით ერთი თვის წინ ტრაგიკულად გარდაეცვალა დედა, რის გამოც ბიჭი დათრგუნულია და ძალიან განიცდის. ოჯახს არ გააჩნია შემოსავლის წყარო, შესაბამისად, გვინდა გავუხალისოთ დღესასწაულები. ვიმედოვნებთ, რომ აუცილებლად გამოჩნდებიან ისეთი გულისხმიერი ადამიანები, რომლებიც გულთან ახლოს მიიტანენ ჩვენი თანატოლის გასაჭირს და გვერდით დაგვიდგებიან. გთხოვთ, ვისაც რისი საშუალება გაქვთ, ეს იქნება თანხა, საკვები, თუ ტანსაცმელი - მოგვაწოდეთ. ნებისმიერი სახის დახმარება დროული და საჭირო იქნება", - ამბობენ ახალგაზრდები.

მათივე თქმით, დახმარების სურვილის შემთხვევაში შემდეგ ნომრებზე უნდა დაუკავშირდეთ: 597143911 ან 597043672.
Print