ახალი ამბები
"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს დენი უძვირდებათ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, "ენერგო-პრო ჯორჯიას" საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით იზრდება.

სემეკმა "თელასის" და "ენერგო პრო ჯორჯიას" ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ახალი ტარიფი დაამტკიცა.

ახალი ტარიფით, "ენერგო პრო ჯორჯიას" 101 კილოვატ საათამდე და საერთო მრიცხველის მქონე აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფი დღგ-ს ჩათვლით კვტ.სთ ელექტროენერგიაზე 14.237 თეთრიდან 17.731 თეთრამდე იზრდება, თვეში 101 – 301 კვტ.სთ. მომხმარებლებისთვის ტარიფი დღგ-ს ჩათვლით 21.707 თეთრამდე, 301 კვტ.სთ.-ზე ზემოთ კი 26.227 თეთრამდე იზრდება.

"ენერგო პრო ჯორჯიას" არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი კვტ.სთ. ელექტროენერგიაზე 10.8-დან 14.6 თეთრამდე იზრდება.

ელექტროენერგიის გადასახდის ზრდასთან დაკავშირებით მთავრობის კანცელარიაში კომენტარი პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამაც გააკეთა. მისი განცხადებით, 2021 წლის განმავლობაში სახელმწიფო საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის გაზრდილ ტარიფს დაასუბსიდირებს. საუბარია გაზრდილი ტარიფის სრულად დასუბსიდირებაზე თვეში ელექტროენერგიის 300 კვტ.სთ.-ის მომხმარებლებისთვის, საკვები პროდუქტების მწარმოებელ ადგილობრივ კომპანიებს კი ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფი 50%-ით დაუსუბსიდირდება.


Print