ახალი ამბები
ჭითაწყარში მოსახლეობა ხანძარს საკუთარი ძალებით ებრძვის (ვიდეო/ფოტო)
ზუგდიდის სოფელ ჭითაწყარში ხანძრის კერა რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. ცეცხლი მოსახლეობის თხილნარებს მალევე მოედო. ადგილობრივები ამბობენ, რომ სახანძრო გამოიძახეს, თუმცა ადგილზე ჯერ-ჯერობით არავინ მისულა და სტიქიას საკუთარი ძალებით ებრძვიან. მათივე თქმით, ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს და ამ წუთებში მის ლიკვიდაციას ცდილობენ. როგორც მოსახლეობა ამბობს, ადგილზე, დაახლოებით, 40 ადგილობრივი მუშაობდა.
"7 სახლი გადავარჩინეთ დაწვას. ქარის გამო სწრაფად მოედო თხილნარებს და იქვე იყო სახლებიც. ბარებით, თოხებით და შესაწამლი აპარატების გამოყენებით ვებრძოდით. ახლა პატარა კერებს ვებრძვით, მაგრამ არ არის გამორიცხული ისევ დიდი ცეცხლი განდეს, ძლიერი ქარია", - უთხრა "ათინათს" ერთ-ერთმა ადგილობრივმა ლევან დარასელიამ.


მისივე ინფორმაციით, ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან და მომხდარის შესახებ შესაბამის ოქმს ადგენენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ყველა გამოძახებაზე რეაგირება უკვე მოხდა.  "ამ მოცემულ შემთხვევაში, მეხანძრეები ცეცხლს შეიძლება სხვა მხრიდან ებრძოდნენ", - გვითხრეს უწყებაში.

ინფორმაციისთვის, ხანძრების შესახებ "112"-ში სამეგრელოდან 40-ზე მეტი ზარი შევიდა.

Print