ახალი ამბები
დამწვარი სახლი, სახნავ-სათესი სავარგულები - ხანძარს სამეგრელოში ამ დრომდე ებრძვიან
სამეგრელო-ზემო სვანეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში ხანძრის კერებს ამ დრომდე ებრძვიან. დღის განმავლობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სოფელ კახათში დამწვარია საცხოვრებელი სახლი, თუმცა, არავინ დაშავებულა. ასევე, დაიწვა მოსახლეების ნაწილის თხილისა და მოცვის პლანტაციებიც. ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები, რის გამოც დენის მიწოდება რამდენიმე საათით შეწყვეტილი იყო.

"ყველა მუნიციპალიტეტში, ხანძრების ლიკვიდირების შემდეგ შეიქმნება ზარალის დამთვლელი კომისია, მათი მუშაობის შემდეგ გვეცოდინება, რა სახის და რაოდენობის ზიანზეა საუბარი", -აღნიშნა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღის განმავლობაში ხანძრის 40 კერა იყო. ამ დროისთვის რჩება 19 აქტიური კერა, მათაგან 11 ლიკვიდირებულია, 8 ლოკაციაზე კი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მეხანძრე-მაშველებს ხანძრის ქრობის სამუშაოებში ხელს ძლიერი ქარი უშლის.

მეხანძრე-მაშველების ადგილობრივ ჯგუფებს ეხმარება აჭარიდან, იმერეთიდან და გურიიდან გამოგზავნილი ცოცხალი ძალა და სპეციალური ტექნიკა.

ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობები სახელდება.
Print