ახალი ამბები
წალენჯიხასა და მარტვილში ხანძარს რამდენიმე ლოკაციაზე აქრობენ
მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ ტყის და მინდვრის ხანძრების ქრობას, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაცების მართვის სამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით წალენჯიხაში, სოფელ ჯაღირაში, მუჟავასა და სქურში ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი იწვის. რთული რელიეფის გამო, ვერ ხერხდება სახანძრო ტექნიკის ცეცხლის ყველა კერამდე მიყვანა. უწყების განმარტებით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება მარტვილის სოფელ ბალდაში და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს - თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში. მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


Print