ახალი ამბები
ხელისუფლებამ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში დახმარება არაერთხელ შეთავაზა - სუს
საოკუპაციო რეჟიმის მიერ ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარი ამ წუთებშიც ფიქსირდება. მიმდინარეობს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით ცენტრალური ხელისუფლება აგრძელებს კომუნიკაციას მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით.

"ქართული მხარის მიერ არაერთხელ მოხდა დახმარების შეთავაზება. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ოკუპირებულ აფხაზეთს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში დახმარებას კვლავ სთავაზობს", - აცხადებენ სუს-ში.

დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, გალის რაიონში 5 იანვრის დღის მეორე ნახევარში გაჩენილი ხანძრის კერები ამ ეტაპზე ლიკვიდირებულია. დაიწვა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი გალის, გუდაუთისა და ტყვარჩელის რაიონებში. ამ დროისთვის ტყის ხანძარია გუდაუთაში.
ადგილობრივი სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის ალხას კირთბაიას თქმით მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა საჭიროა სპეციალური ვერტმფრენი, რომელიც უწყებას არ გააჩნია.


Print