ახალი ამბები
წალენჯიხის ორ და მარტვილის ერთ სოფელში ხანძარია

სამეგრელოში ხანძრის 4 კერაა, მათ შორის, ერთი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. სამზე კი გრძელდება სალოკალიზაციო სამუშაოები.

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, 2 კერაა წალენჯიხაში, სოფელ სქურსა და სოფელ ფახულანში. ერთი კი მარტვილში, სოფელ დობერაზენში.

ამ დროისთვის, 500 მეხანძრე-მაშველი ქვეყნის მასშტაბით, 7 ლოკაციაზე განაგრძობს ცეცხლის ქრობის სამუშაოებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა მონიტორინგს ტყისა და მინდვის ხანძრის 7 კერაზე. არც ერთ მათგანზე გართულება არ ყოფილა. გათენებისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა განაახლეს მუშაობა ყველა მიმართულებით. ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ყველგან ექვემდებარება, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ამ ხნის განმავლობაში, ტყისა და მინდვრის ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა", - ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან.

"დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში. მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე"-, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, რეგიონში გასულ კვირაში ცეცხლის 100-ზე მეტი კერა იყო.

 

Print