ახალი ამბები
"არაერთხელ განვაცხადეთ მზაობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძრის ლიკვიდაციაში დავეხმაროთ კონკრეტული გზებით, მათ შორის ვერტმფრენით" - მინისტრი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლება მზადაა დახმარება გაუწიოს აფხაზეთის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას სტიქიასთან ბრძოლაში.

"პირველ რიგში, საქართველოს მთავრობის სახელით, მინდა გამოვთქვა წუხილი აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში ბოლო დღეებში გაჩენილი ხანძრების გამო, რომელმაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით სერიოზული ზიანი მიაყენა ადგილობრივ მოსახლეობას და გარემოს. ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის კერების გაჩენისთანავე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ საოკუპაციო რეჟიმს დაუყოვნებლივ ეცნობა ხელისუფლების სრული მზადყოფნის თაობაზე ჩავრთულიყავით და დავხმარებოდით ხანძრის კერების ლიკვიდაციაში. 5 იანვრის დილიდანვე რამდენჯერმე ავამოქმედეთ ცხელი ხაზი ოკუპირებული გალის რაიონში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ჩართულობის მზადყოფნის დადასტურების მიზნით. ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, გაგრაში, ანალოგიურად, არაერთხელ დავაფიქსირეთ მზადყოფნა, დავხმარებოდით ხანძრის ლიკვიდაციაში ვერტმფრენით ჩაქრობით, საჭიროების შემთხვევაში ხელშეწყობის მიზნით", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე სამინისტრო დე ფაქტო ხელისუფლებასთან მათ ხელთ არსებული ყველა არხისა და მექანიზმის გამოყენებით რეგულარულ და ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება და კონკრეტული პასუხის მიღებისთანავე მზადაა ჩაერთოს პროცესში.
Print