ახალი ამბები
სერგეი შამბა თბილისის შეთავაზებაზე: დახმარების საჭიროება არ დგას, ჩვენი მეხანძრეები თავს ართმევენ

სოხუმს ხანძრების ჩაქრობაში თბილისი დახმარება არ სჭირდება. ამის შესახებ ინტერნეტ გამოცემა "სოვას" აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განუცხადა.


"ამის საჭიროება არ დგას. ჩვენი სამსახურები თავს ართმევენ", - აღნიშნა პოლიტიკოსმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლება მზადაა დახმარება გაუწიოს აფხაზეთის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას სტიქიასთან ბრძოლაში.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე სამინისტრო დე ფაქტო ხელისუფლებასთან მათ ხელთ არსებული ყველა არხისა და მექანიზმის გამოყენებით რეგულარულ და ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება და კონკრეტული პასუხის მიღებისთანავე მზადაა ჩაერთოს პროცესში.

აფხაზეთში უკვე რამდენიმე დღეა ხანძარს ებრძვიან. 7 იანვარს ცეცხლი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა. დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში მზადაა მოსახლეობის ევკუაციისთვის. მანამდე ხანძრის რამდენიმე კერა იყო გალის რაიონში, რომლის შედეგადაც, სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ტყეს ასევე ეკიდა ტყვარჩელის და ოჩამჩირის სოფლების მიმდებარედ.

 

Print