ახალი ამბები
„ენერგო-პრო ჯორჯია“: შობას მესტიაში ელექტროენერგია მას შემდეგ გაითიშა, რაც ადგილობრივები ქვესადგურში შეიჭრნენ
„მესტიის ცენტრი და გარკვეული სოფლები შობას ელექტროენერგიის გარეშე შეხვდნენ, რაც არ იყო გამოწვეული კომპანიის ქსელში არსებული ავარიით“, - ამის შესახებ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშული. კომპანიაში განმარტავენ, რომ ელექტროენერგიის გათიშვა ქვესადგურში მოქალაქეების შეჭრამ გამოიწვია.

„ მესტიის რაიონის მაღალი ძაბვის ცენტრალურ ქვესადგურში, უსაფრთხოების ნორმების სრული იგნორირებით, შევიდა ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი, მათი მოთხოვნის შესაბამისად, მორიგე იძულებული გახდა მოეხდინა, ქვესადგურის სრული გათიშვა.

აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი ასეთი ინციდენტი, პირველ რიგში, საფრთხეს უქმნის მაღალი ძაბვის ქვესადგურში თვითნებურად შესული მოქალაქეების სიცოცხლეს და მეორე რიგში, მსგავს პირობებში მანიპულირებამ, მაღალი ძაბვის ქსელში, შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი დაზიანება, რომლის აღდგენასაც რამდენიმე კვირა დასჭირდება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ ამბობენ, რომ მესტიაში ენერგეტიკული კუთხით შექმნილი ვითარება მძიმეა, რასაც კიდევ უფრო ართულებს კრიპტოვალუტის ღირებულების ზრდა. კომპანია სთხოვს მესტიიელებს, რომ მსგავსი არამართლზომიერი და სიცოცხლისთვის სარისკო ქმედებებისგან თავი შეიკავონ, რათა გამოირიცხოს ტრაგიკული შემთხვევები.

„კომპანია აგრეთვე ადასტურებს, რომ არსებობს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს მდგომარეობის დასტაბილურება და მნიშვნელოვნად გამოსწორება მთელი რაიონის მასშტაბით, ასევე როგორ უნდა მივაღწიოთ იმ შედეგს, რომელიც სხვა ყველა მომსახურების ცენტრში, უკვე მრავალი წელია მიღწეულია. კომპლექსური ქმედებების კვლავ გადავადება გარანტირებულად გამოიწვევს მძიმე შედეგებს, რაზედაც „ენერგო-პრო ჯორჯია“ იხსნის პასუხისმგებლობას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე თემაზე:

პოლიციამ მესტიაში ელექტროენერგიის მიტაცების ფაქტი აღმოაჩნა- „ენერგო-პრო ჯორჯია“

Print