ახალი ამბები
მამის მკვლელობაში ბრალდებული ჩხოროწყუელი მამაკაცი კლინიკაში დააკავეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1985 წელს დაბადებული კ.წ. ქუთაისში, ერთ-ერთ კლინიკაში დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 იანვარს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმეში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, მამას - 1958 წელს დაბადებულ ნ.წ.-ს ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც იმავე დანით თვითდაზიანებები მიიყენა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე ცნობით, მამაკაცი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ამავე თემაზე: 

ჩხოროწყუში შვილმა მამა მოკლა და თვითდაზიანებები მიიყენა
Print