ახალი ამბები
სამეგრელოში ტყის ხანძრები ლიკვიდირებულია - საგანგებო
რამდენიმე დღიანი აქტიური სამუშაოების შემდეგ ტყისა და მინდვრის მასშტაბური ხანძრები სრულად ლიკვიდირებულია, მათ შორის, სამეგრელოში. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ქვეყანაში 4 იანვრიდან დღემდე დაფიქსირდა 300-ზე მეტი, სხვადასხვა მასშტაბის კერა და ყველა მათგანი ჩამქრალია.

"ამ ხნის განმავლობაში ხანძარს ებრძოდა 700-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, 100-მდე სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

სახანძრო უსაფრთხოების პროტოკოლის მიხედვით, კერებზე კონტროლისა და მონიტორინგის მიზნით დარჩებიან მეხანძრე-მაშველები.

ხანძრები დაფიქსირდა სამეგრელოში, გურიაში, აჭარაში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს თავი შეიკავონ მინდვრებში, სახნავ-სათეს მიწებზე ცეცხლის დანთებისგან. მონადირეებმა დაიცავით უსაფრთხოების წესები ტყეებში გადაადგილებისას. ხანძრებს გამოუსწორებელი შედეგი მოაქვს გარემოზე ზემოქმედების კუთხით, ასევე, მაღალია საფრთხე ცეცხლის სიახლოვეს მყოფი ინფრასტრუქტურისათვის",- ნათქვამია ინფორმაციაში.

გასულ კვირაში სამეგრელოში ხანძრის 100-ზე მეტი კერა იყო. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო, როგორც სამეგრელოს მეხანძრე-მაშველები, ასევე იმერეთისა და გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და ტექნიკა.
Print