ახალი ამბები
ბგანბა: გაგრაში წვიმამ ხანძარი ვერ შეაჩერა, თუმცა, დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება
გაგრის სახანძრო-სამაშველო შტაბის ხელმძღვანელის დავიდ ბგანბამ "აფსნიპრესს" განუცახდა, გაგრაში გაწვიმდა, თუმცა წვიმამ ხანძარი ვერ ჩააქრო, მხოლოდ მისი გავრცელების სიჩქარე შეანელა.

"გაგრის რაიონში წვიმამ ცეცხლი ვერ შეაჩერა, ცეცხლი განაგრძობს გავრცელებას. ამასთან, დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა ბგანბამ.

გაგრის მიდამოებში ხანძრის კერები ერთი კვირის წინ დაიწყო. 6 იანვარს ცეცხლმა ფსოუ - ინგურის ტრასის მიმართულებით გადაინაცვლა და ქვის ცვენა გამოიწვია. შემდეგ, სიტუაცია გართულდა, ცეცხლი დასახლებულ ტერიტორიას მიუახლოვდა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, გაგრის რაიონში ხანძარი დაახლოებით 250 ჰექტარზე იყო გავრცელებული. საფრთხე ემუქრებოდა 40 საცხოვრებელ სახლს, ორ სანატორიუმსა და 2 სასტუმროს.

ბგანბას ინფორმაციით, ამჯერად ხანძრის კერაა მამზიშხაზე.

მანამდე ცეცხლის კერები გალის, გაგრის, გუდაუთისა და ოჩამჩირის რაიონებში დაფიქსირდა. მათგან, ყველაზე ძლიერი გალის რაიონში იყო, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი 9 სოფლის ტერიტორიაზე გავრცელდა და დაიწვა სამი სახლი.

Print