ახალი ამბები
აფხაზეთში წვიმამ ხანძრები ჩააქრო - დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო
წვიმა წამოვიდა და ხანძრები საბოლოოდ ჩაქრა , - ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსახურის უფროსმა რომან ლაბიამ "აიაირას" განუცხადა.

ამავე ინფორმაციით, მანამდე "მინისტრმა" ლევ კვიცინიამ ვერტმფრენით გააკონტროლა ხანძრის კერები სოხუმიდან ფსოუმდე და აღნიშნა, რომ სიტუაცია ხანძრებთან დაკავშირებით მოსახლეობას საფრთხე არ უქმნის.

ლაბიას ინფორმაციით, 10 იანვარს ხანძრის ახალი კერები გაჩნდა ოჩამჩირის რაიონშიც, თუმცა, ამ დროისთვის ისინიც ჩამქრალია. მისივე ცნობით, ცეცხლის გავრცელების ფართობი, ჯერჯერობით არ არის დადგენილი.

საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ შეთავაზა აფხაზურ მხარეს და მოსახლეობას სტიქიასთან ბრძოლაში დახმარება, ამის შესახებ განცხადება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმაც გააკეთა. სოხუმში განაცხადეს, რომ მათ ხანძრების ქრობაში თბილისის დახმარება არ სჭირდებათ. ამის შესახებ ინტერნეტ გამოცემა "სოვას" აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ უთხრა.

"ამის საჭიროება არ დგას. ჩვენი სამსახურები თავს ართმევენ", - აღნიშნა პოლიტიკოსმა.

გაგრის მიდამოებში ხანძრის კერები ერთი 4 იანვარს გაჩნდა. 6 იანვარს ცეცხლმა ფსოუ - ინგურის ტრასის მიმართულებით გადაინაცვლა და ქვის ცვენა გამოიწვია. შემდეგ, სიტუაცია გართულდა, ცეცხლი დასახლებულ ტერიტორიას მიუახლოვდა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, გაგრის რაიონში ხანძარი დაახლოებით 250 ჰექტარზე იყო გავრცელებული. საფრთხე ემუქრებოდა 40 საცხოვრებელ სახლს, ორ სანატორიუმსა და 2 სასტუმროს. ბგანბას ინფორმაციით, ხანძრის კერა 10 იანვარს მამზიშხაზეც გაჩნდა.

მანამდე ცეცხლის კერები გალის, გაგრის, გუდაუთისა და ოჩამჩირის რაიონებში დაფიქსირდა. მათგან, ყველაზე ძლიერი გალის რაიონში იყო, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი 9 სოფლის ტერიტორიაზე გავრცელდა და დაიწვა სამი სახლი.


Print