ახალი ამბები
გალში ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილებს ფინანსურად ვეხმარებით - აფხაზეთის ა/რ მთავრობა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით მუდმივად ხორციელდება სხვადასხვა სახის სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამები.

"ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გაჩენილმა ხანძრის კერებმა სერიოზული ზიანი მიაყენა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრებას, ასევე რეგიონის ეკოლოგიურ მდგომარეობას, დაზიანებულია სასოფლო-სამეურნეო ნარგავები და მოსახლეობის პირადი საკუთრება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა თავის ხელთ არსებული ყველა არხისა და მექანიზმის გამოყენებით ინტენსიურ კომუნიკაციაში იმყოფება ადგილობრივ მოსახლეობასთან და ცდილობს მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს მათ. საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდნირებულად ახორციელებს ფინანსურ დახმარებას უსახლკაროდ დარჩენილი თანამოქალაქეების მიმართ. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად რეგულარულად მუშაობს დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის მიმართულებით, ასევე მათი სოციალური მდგომარეობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა სახის სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამებს", - აღნიშნულია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, გალში, სოხუმსა და გაგრაში გასულ კვირაში ხანძრის რამდენიმე ათეულ კერა გაჩნდა. ადგილობრივმა სახანძრო-სამაშველო ბრიგადებმა ცეცხლის ლიკვიდაცია, მწირი რესურსების გამო, ვერ შეძლეს. აქ ხანძარი წვიმამ ჩააქრო.


Print