ახალი ამბები
ძმები „ესებუების საქმე“ განცალკევდა
„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუას და საბრძოლო მასალის უკანონო ფლობისთვის დაკავებული მისი ძმის საქმე განცალკევდა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ესებუების უფლებადამცველმა იოსებ ჯანაშიამ უთხრა. შესაბამისად, ბრალდებულების სასამართლო პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ცალ-ცალკე გაიმართება. ადვოკატისვე ცნობით, საქმეების გაყოფის შესახებ შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.

„რა თქმა უნდა, ეს არ არის ცუდი ფაქტი, რადგან აბსლუტურად სხვადასხვა საქმეა. ამ შუამდგომლობებზე სასამრთლომ ორი დღის წინ იმსჯელა. ამავე სხდომაზე ბიძინა ესებუა მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. აღსანიშნავია, რომ საქმის არსებითი განხილვის თარიღი შეიცვალა, სხდომა 19 თებერვალს გაიმართება. ჩვენ წინა პროცესზეც ვითხოვდით თარიღის გადაწევას, თუმცა ეს შუამდგომლობა მხოლოდ ახლა დაკმაყოფილდა. ჩვენ ამ დროის განმავლობაში ვეცდებით ბიძინა ესებუას სასარგებლოდ მტკიცებულებები შევაგროვოთ“, - განმარტა ჯანაშიამ.

სამართალდამცავი უწყება “საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებულის ძმას ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება. ბიძინა ესებუა კი ამბობს, რომ მას იარაღი ჩაუდეს. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა 14 დეკემბერს შეუფარდა.

Print