ახალი ამბები
სოხუმი: რუსულ სამხედრო ბაზაზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დისლოცირებულ რუსულ სამხედრო ბაზაზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო, წერს "აფსადგილ ინფო", სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

ამავე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე სამხედრო ბაზაზე ორკომპონენტიანი რუსული ვაქცინის სპუტნიკ V-ის 500 დოზა ჩაიტანეს და აცრეს საბრძოლო მორიგეობაზე მყოფი სამხედროები, სამედიცინო პერსონალი და ბაზის მეთაურები. მათ ვაქცინის მეორე დოზას 21 დღის შემდეგ გაუკეთებენ.

არსებული ინფორმაციით, მოსკოვს თავისი ვაქცინა სოხუმისთვის ჯერჯერობით არ მიუწოდებია. მანამდე, აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ "აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის ვაქცინა უფასო და ნებაყოფილობითი იქნება".

Print