ახალი ამბები
სოხუმი: საგამოცდო სესიები 25 იანვრამდე გადაიდო
ეპიდვითარების გაუარესების გამო, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგამოცდო სესიები 25 იანვრამდე გადაიდო. ამის შესახებ გადაწყვეტილება რექტორატმა მიიღო, წერს "აიაირა" უნივერსიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით. გამოცემის ინფორმაციით, მანამდე, უნივერსიტეტის რამდენიმე ლექტორს დაუდასტურდა კორონავირუსი, თუმცა, სტუდენტების დაინფიცირების შესახებ მონაცემები ჯერ არ დაზუსტებულა.

ჩათვლები უნივერსიტეტში დეკემბრის ბოლოს დაიწყო, საგამოცდო სესიის დაწყება კი დღეიდან, 18 იანვრიდან იგეგმებოდა, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების დაცვით.

კორონავირუსის პანდემიის გამოო 2020 წელს აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა აბიტურიენტები გამოცდების გარეშე მიიღო. პრორექტორის, ვიქტორ მალანძიას თქმით, სტუდენტები უფასო და ფასიან განყოფილებებზე, პირველი საგამოცდო სესიის რეიტინგების მიხედვით გადანაწილდებიან.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის განკარგულებით, შეზღუდვები, რომლებიც Covid – 19 - ის გამო დაწესდა, 10 თებერვლამდე გაგრძელდება.

სოხუმმა პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 10486 შემთხვევა აღრიცხა, გარდაცვლილია 152, გამოჯანმრთელდა - 8 190 ადამიანი.


Print