ახალი ამბები
სოხუმი: ალექსანდრე ანქვაბი ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე გადაიყვანეს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ალექსანდრე ანქვაბის მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ რჩება. ინფორმაციას, "მინისტრთა კაბინეტის" პრესსამსახური ავცრელებს. ამავე ცნობით, 17 იანვარს, რუსეთის ფედერალური მედიკო – ბიოლოგიური სააგენტოს საავადმყოფოს სპეციალისტების კონსილიუმმა ალექსანდრე ანქვაბის ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიერთების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

8 იანვარს აფხაზი პოლიტიკოსი ცენტრში ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონიით, სუნთქვის მწვავე უკმარისობით და წამლებით გამოწვეული ჰეპატიტის ნიშნებით შეიყვანეს. მისი მდგომარეობა დროებით გაუმჯობესდა.

ალექსანდრე ანქვაბს კორონავირუსი 30 დეკემბერს დაუდასტურდა, 4 იანვარს ის გუდაუთის ჰოსპიტალში მოათავსეს. მის მდგომარეობას მედიკოსები აფასებდნენ, როგორც საშუალოდ მძიმეს, თუმცა, 7 იანვარს გამართული კონსილიუმის შემდეგ გადაწყდა, რომ გართულებების თავიდან ასაცილებლად, ანქვაბი მკურნალობას რუსეთის ერთ - ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გააგრძელებს. 8 იანვრიდან აფხაზი პოლიტიკოსი ინტენსიური თერაპიის კურსს რუსეთის ფედერალური მედიკო–ბიოლოგიური სააგენტოს საავადმყოფოშო გადის.

დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ - მინისტრის მოვალეობას დროებით "ვიცე - პრემიერი, ფინანსთა მინისტრი", ვლადიმირ დელბა ასრულებს. შესაბამის ბრძანებას ასლან ბჟანიამ 11 იანვარს მოაწერა ხელი.



Print