ახალი ამბები
სუს-ის ინფორმაციით, ხურჩასთან ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქეები უკანონოდ დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩას მიმდებარედ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აფხაზეთში მცხოვრები სამი ადამიანი უკანონოდ დააკავეს. უწყებაში განმარტავენ, რომ შემთხვევა დღეს საღამოს, დაახლოებით 20:30 წთ-ზე მოხდა. ამავე ცნობით, ცხელი ხაზის მეშვეობით, მათთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს სამივე მოქალაქე უკვე გათავისუფლებულია უკანონო პატიმრობიდან.


"18 იანვარს, დაახლოებით 20:30 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩას მიმდებარედ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს 3 მოქალაქე.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და მოთხოვნილ იქნა უკანონოდ დაკავებული პირების დაუყოვნებილ გათავისუფლება. მყისიერად მოხდა პროცესში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ჩართვა.

ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელმა ცხელი ხაზით დაადასტურა ოკუპირებული აფხაზეთში მცხოვრები 3 პირის უკანონო დაკავების ფაქტი, ასევე ცხელი ხაზით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აღნიშული პირები უკანონო პატიმრობაში აღარ იმყოფებიან.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას ისე რეგიონში არსებულ სტაბილურობას", - აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Print