ახალი ამბები
რუსმა სამხედროებმა საქართველოს მოქალაქეები ხურჩაში დააკავეს, ერთს სცემეს - ადგილობრივები
ხურჩაში, ადგილობრივები გუშინ, საღამოს, სოფლის ტერიტორიაზე 3 ადამიანის დაკავების ფაქტზე საუბრობენ. მათ თქმით, დაკავებულები შველას ითხოვდნენ, რის გამოც სოფლის მოსახლეობამ 112-ზე დარეკა. როგორც ისინი ამბობენ, მათ ნახეს, როგორ მისდევდნენ რუსი სამხედროები 2 ქალს და ერთ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც დაკავების შემდეგ ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. 

"ქალები ყვიროდნენ გვიშველეთ, დარეკეთო. თავიდან არ მეგონა რომ რუსები იყვნენ, პირდაპირ ავკრიფე 112 მერე ვნახე რომ ბიჭი გამორბოდა და მას ყველა ერთად მისდევდა ძაღლებიანად. 3 იყვნენ, არ ვიცი სად მიდიოდნენ, შველას ითხოვდნენ. მერე გავიგე, სხვებმა ნახეს ბიჭს სცემეს, ძაღლი ზედ ედგა და ესენი ფეხებს ურტყამდნენ", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

სუს-ის ინფორმაციით, 18 იანვარს, დაახლოებით 20:30 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ხურჩას მიმდებარედ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს 3 მოქალაქე. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენელმა ცხელი ხაზით დაადასტურა ოკუპირებული აფხაზეთში მცხოვრები 3 პირის უკანონო დაკავების ფაქტი, ასევე თქვა, რომ აღნიშული პირები უკანონო პატიმრობაში აღარ იმყოფებიან.


Print