ახალი ამბები
ჩერნომორენერგო: დღეიდან აფხაზეთს ელექტროენერგიას მთლიანად რუსეთი მიაწვდის
ენგურჰესის გაჩერებასთან დაკავშირებით, დღეს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსი სპეციალისტები ჩავიდნენ, რამდენიმე რაიონის რუსეთის ელექტროხაზზე გადასართავად. ამის შესახებ "ჩერნომორენერგოს" დირექტორმა მიხაილ ლოგუამ განუცხადა ადგილობრივ მედიას. მისი თქმით, აქამდე ენგურჰესი ელექტროენერგიით მთლიანად ამარაგებდა გულრიფშის, ოჩამჩირის, ტყვარჩელის და გალის რაიონებს.

ლოგუას ინფორმაციით, ენგურჰესი მას შემდეგ გაითიშება, რაც აფხაზეთი მთლიანად გადავა რუსეთიდან მოწოდებულ ელექტროენერგიაზე, რაც, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში უნდა მოხდეს.

ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, დღეს 20 იანვარს, გაჩერდება.უფრო ადრე,  ამის შესახებ რადიო "ათინათს" ენგურჰესის პრესსამსახურში უთხრეს. სარემონტო სამუშაოები, გრაფიკით დამტკიცებული გეგმის მიხედვით, აპრილის ბოლომდე გაგრძელდება. ჰესის ადმინისტრაციის განმარტებით, დაგეგმილია 100-მდე სხვადასხვა სამუშაო. რეაბილიტაციის ფარგლებში, სადერივაციო და სხვა გვირაბების რემონტიც იგეგმება, ასევე, ბეტონის სადრენაჟო წყლების გამოყვანა, სამუშაოები ელექტროტექნიკურ და ჰიდრომექანიკურ მოწყობილობებზე, შლამის ამოღება ენგურჰესის წყალსაცავიდან (კაშხლის მიმდებარე ტერიტორია), ჰიდროელექტროსადგურთან მისასვლელი გზების რემონტი.

1 მაისს ენგურჰესი უკვე უნდა მუშაობდეს ქსელში.

საქართველოს მთავრობის განცხადებით, სანამ ენგურჰესი გაჩერებული იქნება, აფხაზეთის რეგიონი ელექტროენერგიას რუსეთისგან მიიღებს და ხარჯებსაც დე ფაქტო მთავრობა თავად დაფარავს.


Print