ახალი ამბები
ენგურჰესი 3 თვით გაჩერდა
ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დაახლოებით, ერთი საათის წინ გაჩერდა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ენგურჰესის პრესსამსახურიდან აცნობეს. ამავე ცნობით, დღეიდან, აპრილის ბოლომდე 100-მდე სხვადასხვა სარემონტო სამუშაო ჩატარდება. გრაფიკით დამტკიცებული გეგმის მიხედვით კი, 1 მაისს ენგურჰესი უკვე უნდა მუშაობდეს ქსელში.

რეაბილიტაციის ფარგლებში, დაგეგმილია სადერივაციო და სხვა გვირაბების რემონტი. ასევე, ბეტონის სადრენაჟო წყლების გამოყვანა, სამუშაოები ელექტროტექნიკურ და ჰიდრომექანიკურ მოწყობილობებზე, შლამის ამოღება ენგურჰესის წყალსაცავიდან (კაშხლის მიმდებარე ტერიტორია). გარდა ამისა, მოწესრიგდება ჰიდროელექტროსადგურთან მისასვლელი გზები.

ენგურჰესის გაჩერებასთან დაკავშირებით, დღეს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსი სპეციალისტები ჩავიდნენ, რამდენიმე რაიონის რუსეთის ელექტროხაზზე გადასართავად. 

საქართველოს მთავრობის განცხადებით, სანამ ენგურჰესი გაჩერებული იქნება, აფხაზეთის რეგიონი ელექტროენერგიას რუსეთისგან მიიღებს და ხარჯებსაც დე ფაქტო მთავრობა თავად დაფარავს.
Print