ახალი ამბები
ჩხოროწყუში იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ფლობისთვის მამაკაცი დააკავეს
სამეგრელოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეში სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, 1979 წელს დაბადებულ ბ.ჯ.-ს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში ედება.

გამოძიების ინფორმაციით, პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით "EKOL Tisa"-ისა და "KRAL"-ის მოდელების 2 პისტოლეტი, "აკს"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 700 ვაზნა, ტყვიამფრქვევის 20 ვაზნა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნებისთვის განკუთვნილი დენთი ამოიღო.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.


დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print