ახალი ამბები
საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო
ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე, სასამართლო დავა საქართველომ მოიგო. ამის შესახებ იუსტიციის ყოფილი მინისტრი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ომის საქმეზე საქართველო რუსეთს ადანაშაულებს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში, კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა ომისა და შემდგომი ოკუპაციის დროს დაარღვია ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლები:

სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი);

წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი);

თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი);

პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი);

სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი);

საკუთრების დაცვა (1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი); განათლების უფლება (1-ლი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი);

მიმოსვლის თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი).


იუსტიციის სამინისტროს ცნობით, საქმეზე არსებითი მხარის განხილვის დაწყების შემდეგ − 2013 წლის 8 ოქტომბრიდან − დღემდე შესწავლილ იქნა სხვადასხვა წყაროში არსებული ფართომასშტაბიანი, კომპლექსური და დიდი ოდენობის დოკუმენტი/მტკიცებულება. მათი ხარისხის შეფასების შედეგად შეირჩა და სხვადასხვა დროს სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს მხრიდან წარედგინა 700-მდე მტკიცებულება (მათ შორის, ვიდეო- და ფოტომასალები, რადარის მონაცემები, ექსპერტის დასკვნები, სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, სეისმური სადგურის მიერ აფეთქებების დამადასტურებელი ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები, სატელიტური სურათები, მედიის მასალები, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, სატელეფონო მიყურადების ჩანაწერები, განაღმვის ანგარიშები, გორში აფეთქებული "ისკანდერის" ნაწილები და მათზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები და სხვ.) და არაერთი დოკუმენტი შესაბამისი ანალიზითა და არგუმენტებით.



Print